დავოსში ევროპის კულტურის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების კონფერენცია მიმდინარეობს
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით, ევროპის კულტურის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების კულტურის მინისტრების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას საქართველოდან კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები ლევან ხარატიშვილი და გიორგი ბაქრაძე ესწრებიან.
ღონისძიება ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადების აღსანიშნავად დაიგეგმა. ის მიზნად ისახავს, მშენებლობის ევროპული ტრადიციისა და მისი კულტურული მნიშვნელობის გარშემო დისკუსიის ინიცირებას, ისტორიული შენობა-ნაგებობების კონსერვაციისა და თანამედროვე განვითარების ერთიან კულტურულ და სივრცით კონტექსტში წარმოსაჩენად.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებები ინტეგრირებული იქნება შემაჯამებელ დეკლარაციაში მშენებლობის კულტურის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ორდღიანი კონფერენცია დავოსში 22 იანვარს დასრულდება.