ვოლოდიმირ ზელენსკი 16 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა, – ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ერთ-ერთ ღონისძიებაში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ორგანიზატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკი სიტყვით ფორუმზე – „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ სამყაროში“ გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი და პრეზიდენტი ბიორგე ბრენდე მიიღებენ.
16 იანვარს დავოსში გაიმართება პინჩუკის ფონდის პროექტის, Deciding Your Tomorrow-ის გახსნაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალური პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. როგორც მედია წერს, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ღონისძიებაშიც მიიღოს მონაწილეობა.
ამ კვირის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ. ასევე ცნობილია, რომ ერთი დღით ადრე ზელენსკის ჰქონდა პირველი სატელეფონო საუბარი შვეიცარიის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ვიოლა ამგერდთან.
ამასთან ერთად, როგორც მედია წერს, უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში 14 იანვარს დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართება.