დავით ზილფიმიანი - არჩევნებში „ევროპული სოციალისტები“ „ნაცმოძრაობას“ დღესაც კი მოუგებენ, იმდენი ბოროტება ჩაიდინეს, კატასტროფული სიჩქარით დაკარგეს რეიტინგი
საუბარი როდესაც არის სამი ათას ადამიანზე, ვინც ხმებს ითვლის, დოკუმენტს ხელს აწერს და ზოგიერთ პარტიას ასეთი წარმომადგენლები არ ჰყავს, ეჭვის ელემენტი ყოველთვის არსებობს. კომისიაში შესვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ, რამენაირად მივაკვლიოთ კიდევ ერთი გაყალბების რაღაც ფორმას, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის მოლაპარაკებებს, ზილფიმიანი აცხადებს, რომ დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს.
„არსებობს კარუსელები, გზაში შეცვლა, ბიულეტენების ჩაყრა. გადათვლა მათემატიკაზე უნდა დავიყვანოთ. აპრიორში, წაგებულ და ცუდ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი. მოდით, გადავთვალოთ, ბევრი ბიულეტენი გადაჩხაპნილია. კომისიას უფლება ექნება, ხელისმომწერები გამოკითხოს და უნდა ვკითხოთ, რა მოხდა. ეს მათემატიკური დასკვნები იქნება. თუ ვინმეს რამე აქვს, კომისიას უნდა მოაწოდოს. არ გამოვრიცხავ, ხელის მოწერის გაყალბებასაც ჰქონდეს ადგილი. ყველაფერის დაზუსტებას შევეცდები. კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ამ კომისიაში შემოვლენ.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, კომპრომისის მონახვა ყოველთვის შეიძლება. როცა ზიხარ და საუბრობ, ყოველთვის რაღაც გამოინახება. მეორეა, როცა შეხების წერტილი არ არის. აქციების შეწყვეტა კარგია. ფასილიტაცია, მედიაცია ის არის, რომ მათაც დაინახეს, ერთმანეთს მათ გარეშე ვერ ველაპარაკებით და გვიჭირს. დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს.
წარმოიდგინეთ, ნიკა მელიას რამდენი აქვს გაკეთებული პარტიისთვის? რაღაცა რომ მოხდეს, გგონიათ, არ შეეცდებიან, ეს გვირგვინები და დაფნები ისევ ძველმა წაიღოს?, შეეცდებიან. რაც დღეს „ნაცმოძრაობის“ ძველმა გვარდიამ გააკეთა და ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დაისვას, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს – „ევროპელი სოციალისტები” და „ნაცმოძრაობა”, „ნაცებს“ „ სოციალისტები“ დღესაც კი მოუგებენ, იმდენი სისულელე ჩაიდინეს. სისულელე არ ჰქვია, ბოროტება ჰქვია. თუ გინდათ, ვცადოთ. ვიდრე დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას არ დაამთავრებს, რიგგარეშე არჩევნები არარელევანტურია. მაშინ, იქ არ უნდა ვიყოთ. რადგან იქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს თავთან. თუმცა, თუ შევთანხმდებით პლებისციტზე, ეს კარგიცაა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.