დავით ზილფიმიანი - პრემიერის, მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა პირის საცხოვრებელთან მივარდნაზე ხელის აღება კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, იმედი მაქვს, ეს კოლეგიალურ გაფრთხილებად იქნება აღქმული
დავით ზილფიმიანი - პრემიერის, მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა პირის საცხოვრებელთან მივარდნაზე ხელის აღება კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, იმედი მაქვს, ეს კოლეგიალურ გაფრთხილებად იქნება აღქმული

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებს გამოეხმაურა.

ზილფიმიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა პირების საცხოვრებელთან „მივარდნაზე“ ხელის აღება კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.

ზილფიმიანი იმედოვნებს, რომ ეს კოლეგიალურ გაფრთხილებად იქნება აღქმული.

„ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რომელიც, შესაძლოა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ იცოდეს კიდეც, მაგრამ, ზოგადად, ყურადსაღები იქნებოდა. ერთი და იგივე აქცია პროტესტის ნიშნად ერთ შემთხვევაში თუ ტარდება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებასთან ან ინსტიტუციასთან, მათ შორის ხელმძღვანელ პირთან მიმართებით, კანონით, ამას მშვიდობიანი აქციის დეფინიცია ენიჭება და მიუღებელი არაფერია, ხოლო იგივე ქმედება ნებისმიერი ფიზიკური ან სახელმწიფო თანამდებობის პირის საცხოვრებელთან ან მის კერძო საკუთრებასთან თუ ხდება, მით უმეტეს, თუ ეს ოჯახის სხვა წევრების, ბავშვების, ქალების შეშინებას, ტერორიზებას იწვევს, აბსოლუტურად სხვა დეფინიციის ქმედებაა. ამიტომ პრემიერ-მინისტრის, მინისტრის თუ ნებისმიერი სხვა პირის საცხოვრებელთან „მივარდნაზე“ ხელის აღება კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. იმედი მაქვს, ეს კოლეგიალურ გაფრთხილებად იქნება აღქმული, ხოლო გაზიარება სრულად მხარის პრეროგატივად დამიტოვებია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.