დავით ზილფიმიანი - მინდა, აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა და თავხედურად შეურაცხყო მასპინძელთა მრწამსი
დავით ზილფიმიანი - მინდა, აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა და თავხედურად შეურაცხყო მასპინძელთა მრწამსი

მინდა, უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა, ასე თავხედურად შეურაცხჰყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმაურება.

„ჩემი დღევანდელი პოზიციისა და წარსული მოღვაწეობიდან გამომდინარე, ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ მე შეიძლება, რაიმე ნეგატივი მქონდეს ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მიმართ, პირიქით! სწორედ ამიტომ, მინდა, უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა, ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი!

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომელიმე ჩვენგანი რომ ჩასულიყო რომელიმე ჩვენს მეგობარ ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკოსის რანგში და ჯერ მიტინგის სცენიდან გაელანძღა იმ ქვეყნის ხელისუფლება, ხოლო შემდეგ საჯარო ინტერვიუთი ხალხისთვის ეთქვა, რომ თქვენი მრწამსითა და რელიგიით ბედნიერი მომავალი არ გექნებათო, წარმოიდგინეთ, რაც მოხდებოდა?! ადვილი მისახვედრია.

ადამიანისადმი, რომელიც სრული დეზორიენტაციის ფაზაშია და გულთბილ მასპინძლებს ამას ეუბნება, ჩვენი პოლიტიკოსთა ნაწილი აპლოდისმენტებს არ იშურებს, ხოლო მეორე ნაწილს „ნონგრატობის“ მინიჭების გამბედაობა არ ჰყოფნის. ალბათ რომელიმე მისივე თანამემამულე უფრო გაკიცხავს და გამოგვესარჩლება. ამასაც მოვესწარით!“ – წერს ზილფიმიანი.

14 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.

ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.