დავით ზალკალიანი -  ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას
დავით ზალკალიანი - ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიკროსაფინანსო სესხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასა და ამავე საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ზალკალიანის თქმით, 150-მილიონიანი ტრანში არის მაკროფინანსური სესხი, რომელიც აღებული იყო 2020 წელს, როდესაც ქვეყანაში პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობები იყო და საქართველოს კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, შეთანხმებაში გარკვეული პირობა იყო, რაც მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებს უკავშირდება.

„მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის გუშინდელ განცხადებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო საქართველოს მთვრობამ მიკროსაფინანსო სესხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მსურს, ძალიან მკაფიოდ გავმიჯნო ამ მიკროსაფინანსო დახმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კომპონენტი. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ვფიქრობ, ის დასაბუთება, რაც წარმოადგინა საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ, იყო ძალიან კარგი და ამას მეტყველებს ევროკავშირის გუშინდელი განცხადება, სადაც ეკონომიკურ და ფინანსურ ნაწილთან შეფასებებში, ევროკავშირის პოზიცია გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გაავრცელა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 150-მილიონიანი ტრანში არის სესხი, რაშიც თავიდანვე გარკვეული სახის პირობითობა იყო ჩადებული და ძალიან კარგად უნდა დავინახოთ პერიოდი, როდის იყო ეს სესხი აღებული. ეს იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის განსაკუთრებით მძიმე პირობებში, საქართველოს სჭირდებოდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით ფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან. მაშინ გაფორმდა ეს შეთანხმება და ამ შეთანხმებაში გარკვეული პირობითობა იყო ასახული, რაც იგივე მართლმსაჯულების სისტემასთან და მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საკითხზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მოცემულობა განსხვავებულია და ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან, როგორც ზალკალიანი ამბობს, მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას.

„დღევანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია და არაერთხელ იყო განმარტება გაკეთებული როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. მაშინ, როდესაც ეს შესაძლებლობა არსებობს და ქვეყნის შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ხარჯზე მოხდა მილიარდზე მეტი ლარის მობილიზაცია, ეკონომიკას აქვს ძალიან კარგი დინამიკა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში, 12%-იანი ზრდა, ბოლო თვის განმავლობაში 9.9%-იანი ზრდა არის, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს, გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით 31 აგვისტოს განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.