დავით ზალკალიანი - საზოგადოებას ვთხოვ, დავით გარეჯის თემა არის უაღრესად მგრძნობიარე და განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ
დავით ზალკალიანი - საზოგადოებას ვთხოვ, დავით გარეჯის თემა არის უაღრესად მგრძნობიარე და განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა, როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული, დავით გარეჯთან დაკავშირებით მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორი მხარისთვის მისაღებ ფორმებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავით გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

„როგორც შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ საერთო ისტორია, გეოგრაფია, ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ორ ქვეყანას შორის, ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის სწორედ ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გადაწყვეტილი. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რითაც დავბრუნდით აზერბაიჯანიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

​მისივე თქმით, ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ეკლესია-მონასტრებში გზა გახსნილი იქნება.

„ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, რადგან პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, ჩვენ ის არსებული დაბრკოლებები, რაც ამ პერიოდში წარმოიშვა, დაუყოვნებლივ მოვხსნათ. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, ისინი იმყოფებოდნენ ადგილზე, შეისწავლეს მდგომარეობა, მოხდა რუკების დადარება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა ბაქოში გაიმართა და არის მზაობა, რომ შემდგომ უკვე აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გაგრძელდეს მუშაობა.

„მინდა, საზოგადოებას ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, გამომდინარე იქიდან, რომ თემა არის უაღრესად მგრძნობიარე, სენსიტიური, ყველა სიტყვას, გამონათქვამს, მოქმედებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.  განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამას, რადგანაც გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებთან, ასევე მეორე მხარეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთობლივად, როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული, მივაღწევთ, რომ საკითხი მოგვარდეს ორი მხარისთვის მისაღებ ფორმებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.