დავით უსუფაშვილი - აგვიხსნან, 11-ჯერ როგორ მოხდა „ომეგა ჯგუფისთვის“ გადასახადების გადავადება
შთაბეჭდილებამექმნება, რომ წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“ წარმოამდგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ საუბრებმა მხარეებში სხვადასხვა განწყობები გამოიწვია და საბოლოოდ ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვიდა.
„ოთხი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ყოველდღე მივმართავდი ბატონ ზაზა ოქუაშვილს, სიმართლე დროზე ეთქვა. ეს ყველაფერი ადრე რომ ყოფილიყო ნათქვამი, ჩვენ უფრო წინ ვიქნებოდით საქმის გამოძიებაში, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მე პირადად მექმნება შთაბეჭდილება, რომ არათუ თვეების, არამედ წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა. რაღაც მომენტში ამ საუბრებმა მხარეებში გამოიწვია სხვდასხვა განწყობები და ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ დღის სინათლეზე. ჩვენი მთავრობის წევრები ლონდონსა და ბომბეიში კი არ უნდა მიდიოდნენ, აქ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. რაც მოვისმინეთ, სრულიად ცალსახად მიანიშნებს არა მხოლოდ ერთ ეპიზოდზე, იზოლირებულ შეხვედრაზე ან საუბარზე, არამედ პროცესზე. გატანილი და გამოტანილია უზარმაზარი თანხები. რა ვიცი, რა კომპანია შეიქმნა, რატომ შეიქმნა, ის დირექტორი ვინ დანიშნა და ფული სად წავიდა. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი მოხდა. ხელისუფლება გვეუბნება, 11-ჯერ გადაუვადეთ მრავალათეულმილიონიანი გადასახადებიო, რომელ მოქალაქეს გადაუვადდა 11 -ჯერ გადაუხდელი ვალი, რომელსაც ბინა ჰქონდა დაგირავებული ან სხვა პრობლემები ჰქონდა. თუ ამას მართლა აკეთებდა ხელისუფლება და მთავრობა, რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცის მოლოდინში აკეთებდა. ჩვენ გვაქვს სინამდვილეში სიმპტომური საქმე, რომლის გამოძიება აუცილებელია ქვეყნის სახელმწიფოს და ბიზნესის გასაჯანსაღებლად. „ქართული ოცნებიდან“ ვინც ამბობს, ეს ყველაფერი არ ყოფილაო, მაშინ იქნებ აგვიხსნან 11-ჯერ როგორ მოხდა გადასახადების გადავადება“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.