დავით სერგეენკოს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში, სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებებისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია ისე, როგორც სხვა ნებისმიერი წამლის შემთხვევაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით სერგეენკოს განმარტებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში, სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებებისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმგვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირებისას.
„ნებისმიერ ვაქცინაში, წამალში, სამკურნალო აღჭურვილობასა და სახარჯ მასალაში, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, არსებული კანონის მიხედვით, გაწერილია პასუხისმგებლობები. რა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა არის იმპორტიორისა და რა – სამედიცინო დაწესებულების. მაგალითად, იმპორტიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანისას დარღვეული იყო რაიმე რეჟიმი. ამის გაკონტროლება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, ამ შემთხვევაში ტემპერატურული ჩამწერით. მიღება-ჩაბარების დროს ხდება შემოწმება და თუ ერთ მომენტში მაინც აცდენილი იყო ტემპერატურულ ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა, უბრუნდება და დანახარჯებს აკომპენსირებს.
სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ამაზეც არ მინდა ჩემი კოლეგები დაიძაბონ, იმიტომ, რომ არაფერი სიახლე ამ მხრივ არ ხდება. მაგალითად, თუ ესა თუ ის პროცედურა, ვაქცინაცია ჩატარდა ინსტრუქციების დარღვევით. მაგალითად, არ იყო დაცული ტემპერატურული რეჟიმი ან რაიმე სხვა და ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რომელიღაც გვერდით მოვლენას. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობაა.
ხოლო თუ ვაქცინის ან რომელიღაც სხვა წამლის გამოყენების გამო ისეთი გვერდითი მოვლენა განვითარდა, რომელიც ამ ვაქცინაციის ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ ეს არც იმპორტიორის ბრალია და არც სამედიცინო დაწესებულების, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უმკურნალოს, მართოს და დააკომპენსიროს ეს გართულება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მედიასთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ხარისხიანი ვაქცინა შემოვა.
„პირველი – ვაქცინაციის ხარისხია დაწესებული. ამ შემთხვევაში, ორმაგი გადაზღვევაა. ყველა ქვეყანა იმ ვაქცინას იყენებს, რომელსაც არეგისტრირებს ამ ქვეყნის შიდა მარეგისტრირებელი ორგანო. ჩვენ შემთხვევაში ამის ზევით, დამატებით ხარისხის თამასაა დადებული, რომ ეს რეგისტრაცია საკმარისი არ იქნება, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში იყოს დარეგისტრირებული, თუ მას არ ექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული აკრედიტაცია. გამოყენებული იქნება მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ეს ორმაგი ხარისხის კონტროლის თამასა დაძლეული აქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან 65 წელს ზევით ადამიანები და სამედიცინო პერსონალი.
„ვინაიდან ასაცრელი ადამიანების რაოდენობა პირველ ეტაპზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ვაქცინების რაოდენობა, რაღაც წესი უნდა იყოს შემოღებული. დადასტურებულია, რომ მაღალი რისკი აქვს სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულებს. ამიტომ გაიწერა სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები, უპირველესად, 65 წელზე ზემოთ. შემდეგ გაწერილია დაღმავალი ასაკობრივი ჯგუფები, ვისაც აქვს მაგალითად, დიალიზის საჭიროება, თანმდევი იმუნოდეფიციტი და ა.შ. ეს პროტოკოლიც საერთაშორისოა. ამ გეგმის გააქტიურება, ანუ სტარტის ღილაკზე თითის დაჭერა მას შემდეგ მოხდება, რაც ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შემოვა. ველოდებით, რომ ეს თებერვლის მეორე ნახევარი იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.