დავით სერგეენკო - საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა - სატყუარად
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გამოჩნდება, ოპოზიციურ ძალებს პარტიული ინტერესები ამოძრავებთ, თუ ქვეყნის.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა – სატყუარად.
„ახლა გამოჩნდება, ეს ადამიანები რაზე არიან ორიენტირებულები. მთავარი შეფასება იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობის ნება ასახა, თუმცა იყო რიგი ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა – სატყუარად”, – განაცხადა სერგეენკომ.
საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების წესის ცვლილებასაც. საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად, შვიდი დეპუტატის ნაცვლად, საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატის გაერთიანება.