საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების წესის ცვლილებასაც. საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად, შვიდი დეპუტატის ნაცვლად, საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატის გაერთიანება.

„ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 2024 წლისთვის მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებმაც შეძლონ, რომ მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ეს სამი პროცენტი ჩვენ მაინც ღიად გვაქვს დატოვებული, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე თვეს გაგრძელდება, შესაძლებელია, რომელიმე საპარლამენტო ოპოზიციამ დააყენოს საკითხი, რომ გადაიხედოს სამი პროცენტი. ჩვენ აქაც მზად ვართ და ღია ვართ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე , თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დაინიცირებულია და შესაბამის პროცედურებს გაივლის“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ცვლილებების დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნება“ და პარტია „მოქალაქეები“ არიან.

დატოვე კომენტარი