შალვა პაპუაშვილი - ბარიერზე დისკუსიები გვაჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის
შალვა პაპუაშვილი - ბარიერზე დისკუსიები გვაჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის

სულ მცირე, ექვსი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა 5-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბარიერთან დაკავშირებით ყველა დისკუსია აჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის.

„საარჩევნო ბარიერს რაც შეეხება, მგონი, ხელოვნური თემაა. ყველა ეს დისკუსია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციისთვის ეს რელევანტური საკითხი არ არის. სულ მცირე, ექვსი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა 5-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით. ამიტომ, არ ვიცი, საერთოდ რატომ მოდის ეს ხელოვნური თემა? ვფიქრობ, ეს დისკუსია დასახურია. არის ადეკვატური ის ბარიერი, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოში. კონსტიტუციაში, უკვე წლებია, გაწერილია. ყველამ კარგად იცის და იცოდა, რა სისტემა გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ 2020 წელს, რომლის ნეგატიურ შედეგებს დღემდე ვიმკით საქართველოს პარლამენტში იმით, რომ, სინამდვილეში, ამის შედეგად პარლამენტში ჩვენ გვაქვს არითმეტიკული სიმრავლე და არა პლურალიზმი. სინამდვილეში, ჩვენ 12 პოლიტიკური ჯგუფი კი არ გვყავს, რაც არითმეტიკულად ასე ჩანს ჩვენთან, სინამდვილეში, არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ქვეშაც ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები არიან გაერთიანებული. სამწუხაროდ, ერთი-ორი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არ იყოს პარლამენტში, ამინდს ვერ ქმნის ოპოზიციურ ფლანგზე. ამიტომაც ექსპერიმენტების დრო საქართველოს ნამდვილად არ აქვს. რაც შეეხება 5-პროცენტიან ბარიერს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა ადეკვატური ბარიერისა და ყველა უნდა მოემზადოს.

პრობლემა არ არის პარტიების რაოდენობაში, იმიტომ, რომ თუკი იქნებოდნენ სათანადო პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან, მაშინ სათანადო მხარდაჭერაც ექნებოდათ. სულ ახლახან პოლონეთში ჩატარდა არჩევნები 5-პროცენტიანი ბარიერით, ხუთმა პარტიამ გადალახა ეს ბარიერი, რადგან ისინი ორიენტირებული არიან საკუთარ ამომრჩეველზე. ჩვენთან პრობლემაა, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლოიალური არ არიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, თვალი გაურბით სხვაგან, ქვეყნის გარეთ, სხვა ინტერესებით, სხვა პოლიტიკური ჯგუფების მფარველობით და დაკვეთით მოქმედებენ, საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და შემდეგ უკვირთ, რომ არჩევნებში ვერ იღებენ მხარდაჭერას. ამიტომ აქ სტრატეგია ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ერთი, რომ ემსახუროს საკუთარ ხალხს. ის, ვინც არ ემსახურება საკუთარ ხალხს, ვერ იღებს მხარდაჭერას. შესაბამისად, ეს არის გამოსავალი და არა გამსხვილება თუ დაშლა. ვინც მოქმედებენ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, დარჩებიან იმავე მარგინალურ წრეში, რომელშიც არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.