დავით სერგეენკო - მთავრობის შემადგენლობაზე პირველი სიტყვის უფლება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის
მცირე მთავრობა კონცეფტუალურად არის მინიმალისტურ -ლიბერტარიანული სტრუქტურა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ საქართველოს პარამეტრებში სავსებით საკმარისია 11 სამინისტრო და არა 14, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის სხდომაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მცირე მთავრობის უპირატესობა არის არა საკუთრივ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება და ხელფასის დაზოგვა, არამედ ისეთი სისტემის შექმნა, როდესაც გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე მინიმალური დრო გადის. ანუ, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება. მინისტრი იქნება პასუხისმგებელი ბევრ მიმართულებაზე, ვერ იტყვის, რომ სხვას დაავალა და იმან ვერ გააკეთა. 100-120 მილიონი, რაც მამუკა ბახტაძემ ახსენა, არის არა თანამშრომლების გაშვებით , არამედ სწრაფი გადაწყვეტილებებით მისაღები თანხა. სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირება გარდაუვალად მოიცავს გარკვეული სამინისტროების გაერთიანებას და ეს გაერთიანება მოხდება”,-განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ცვლილებების სწორ დაგეგმვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„საზოგადოების ინტერესი კარგად მესმის, კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს ორი-სამი კვირა არა მხოლოდ ფორმალური ნაწილისთვის არის საჭირო, არამედ სწორი იმპლემენტაციის გასაკეთებლად. მსჯელობა იყო კონკრეტული სამინისტროების გაერთიანების რამდენიმე ვარიანტზე, აწონილ-დაწონილი იყო პლიუსები და მინუსები. შეირჩევა ისეთი ვარიანტი, რაც შედეგებზე იქნება ორიენტირებული”,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა და დასძინა, რომ საუბარი იყო სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების სამედიცინო სამსახურების გაერთიანებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. „პლიუსების და მინუსების, რისკების და სარგებლის აწონ-დაწონვა ისევ მიმდინარეობს“-განაცხადა მან.
სერგეენკოს თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ამ პტოცესში თავადაც ჩართულია, თუმცა მთავრობის შემადგენლობაზე პირველი სიტყვის უფლება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
„ვწუხვარ, რომ ახლა პასუხს ვერ გაძლევთ. პირველი სიტყვის უფლება პრემიერ-მიისტრს ეკუთვნის. მან უნდა განაცხადოს ახალი კაბინეტის შემადგენლობა. არის სურვილი, მოვალეობა და შესაძლებლობები. სურვილით ყოველთვის ექიმობა მინდოდა, 2012 წელს, 1987 წელს, 1980 წელს. ექიმობა მგონი, 1979 წელს გადავწყვიტე“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.
„ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ბუნებრივია, რომ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს“,-განაცხადა მან.