პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები დღესაც გაგრძელდება
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები დღესაც გაგრძელდება

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ძალოვანი უწყების მინისტრობის კანდიდატებს, ასევე, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

განხილვა ხვალ უკვე ფრაქციის ფორმატში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერ-მინისტრისა და მინისტორობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შემდეგ, 24 დეკემებერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასა და პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა – 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისათვის.

„ამ პროგრამაში ოთხი ძირითადი მიმართულება არის გამოკვეთილი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება საგარეო პრიორიტეტებს, რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, გაერთიანებას, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას და ევროკავშირისკენ სვლას, ამავდროულად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ მთელ რიგ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს; ეკონომიკის აღორძინებას, სწრაფ განვითარებას პოსტპანდემიურ პირობებში და ადამიანების სოციალურ დაცვას. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის აგრეთვე, მმართველობითი სფერო რომ უფრო ეფექტური გახდეს. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც იქნება ორიენტირებული მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მთავრობის მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.