დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება არ ნიშნავს, რომ დანაშაული მოხდა
დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება არ ნიშნავს, რომ დანაშაული მოხდა

ჯანდაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  გამოძიება არ ნიშნავს , რომ დანაშაული მოხდა. დავით სერგეენკოს  თქმით, ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

„გამოძიება არ ნიშნავს, რომ დავინახე დანაშაული და უნდა დავადასტურო მტკიცებულებებით. გამოძიება ამ შემთხვევაში  არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო, მუდმივად არის, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის. ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“,-განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ   პაციენტების ნაკლები რაოდენობის გამო, მედიკამენტების გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა და ჩამოიწერა. ამით პაციენტებს საფრთხე არ შექმნიათ და მათ ვადიანი წამლებით მკურნალობენ.

„თვეში 3500 პაციენტისთვის უნდა გვემკურნალა მინიმუმ, რათა დაგეგმილი ელიმინაცია დამდგარიყო. თუმცა 100 ათას ადამიანს ვისაც ვთვლით, რომ მკურნალობა სჭირდება, არ მიაჩნია, რომ ავად არის. საშუალოდ თვეში სამიზნე იყო 3500 პაციენტი, მაგრამ გვყავს 1000, ამან საფრთხეები გამოიწვია რიგი მიმართულებით.
ორჯერ გვქონდა ეპიზოდი ზედმეტი მედიკამენტების. ერთხელ ორი წლის წინ, როდესაც ახალი გენერაციის მედიკამენტზე გადავედით და დაგვრჩა რაღაც რაოდენობა. ეს წამლები დონაციის პრინციპით გადავეცით სხვა ქვეყნებს. მეორე ახლა, აპრილში, როცა გარკვეული რაოდენობა მედიკამენტების შეკვეთილი იყო 3500 ადამიანზე თვეში, მაგრამ ნაკადი იყო ნაკლები, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია, რადგანაც ეს დონაციააა, ამ მედიკამენტებს ჩვენ გვჩუქნიან. პაციენტებს კი  საფრთხე არ შექმნია რადგან ამ 1000-მა ადამიანმა ვადიანი წამლებით იმკურნალა.თავიდან, სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო  მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“,-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, უწყება სწავლობს, რამდენად სწორად მოხდა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.