დავით სერგეენკო - გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური
დავით სერგეენკო - გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური

გია თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავების საქმეზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ნიუ იორკში განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.

დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. რაც შეეხება გამოძიებას, არ მაქვს უფლება, განვიხილო, რა და როგორ იქნება გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კითხვაზე, როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მისივე უწყებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან ამოიღეს, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში სანიმუშო ეგზემპლარები ინახებოდა.

„გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან იქნა ამოღებული, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, სერგეენკო ამბობს, რომ სამინისტროში მომხდარ შემთხვევებზე პასუხს მინისტრი აგებს.

„მინისტრი აგებს პასუხს ყველაფერზე, რაც ხდება სამინისტროში, იქნება ეს კარგი, თუ ცუდი. მინდა, ყველას ვთხოვო, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ. ეს ადამიანი ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.

დანაშაულზე ფიქრი არ შეიძლება, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გამოძიება. გია თვალავაძე ბუნებით პატიოსანი ადამიანია და მჯერა, სასამართლო იქნება ობიექტური“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.სამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით დააკავა.

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.