დავით სერგეენკო - ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს​ რეკომენდაციები გამოქვეყნებული აქვს
დავით სერგეენკო - ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს​ რეკომენდაციები გამოქვეყნებული აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრს ცალსახა რეკომენდაციები აქვს გამოქვეყნებული იმ პრეპარატებზე, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი სახლში და სივრცეებში, თუმცა თითოეულ მათგანს თან ახლავს ძალიან ნათელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, თუ რა უნდა იყოს დაცული ასეთ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ მამაკაცის გარდაცვალების საკითხზე დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებებს, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ერთ-ერთი არის შხამქიმიკატები, რითაც ხდება შეწამვლა. ძალიან ცალსახადაა გამიჯნული კონკრეტული კომპეტენციის სფეროები. რაც შეეხება სახლს შიდა სივრცეებს, მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაა. როდესაც სახლს გარეთ ტერიტორიაზეა გამოყენებული საშუალებები, ძირითადად ამით არის დაკავებული გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თუმცა, ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ცალსახად არის გამოყოფილი იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ სახლს გარეთ სივრცეში იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გამოქვეყნებული აქვს იმ პრეპარატების სია და მოხმარების რეკომენდაციები, რომელთა სახლში გამოყენებაცაა შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში ექსპერტიზის ბიურო მოამზადებს დასკვნას, რამ გამოიწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის გარდაცვალება.

„რაც შეეხება სახლს შიდა სივრცეს, ეს მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაა და მათ ცალსახა რეკომენდაციები აქვთ გამოქვეყნებული იმ პრეპარატების, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი სახლში და სივრცეებში, თუმცა თითოეულ მათგანს თან ახლავს ძალიან ნათელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, თუ რა უნდა იყოს დაცული ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ძალიან ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, თუმცა ნამდვილად არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა, რითი იყო გამოწვეული, რადგან ჩვენ დღეს და გუშინ გვიან საღამოსაც გვქონდა ექსპერტიზის ბიუროსთან კომუნიკაცია. მათ უკვე სინჯები აქვთ აღებული და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მოგვცემენ დასკვნას, რამ გამოიწვია გარდაცვალება“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარს გამოეხმაურა სურსათის ეროვნულმა სააგენტო. უწყების განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათივე თქმითფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.