სურსათის სააგენტო - ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სურსათის სააგენტო - ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა ადამიანის ლეტალობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.​ უწყების ცნობით, ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულია რეკომენდაციები და ინსტრუქცია მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

„წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ თემაზე განცხადება გუშინაც გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, ის შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.