დავით სერგეენკო - ახალი ორგანიზაციის ამოცანაა, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდოს
არასამეწარმეო იურიდიული პირის – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ უმთავრესი ამოცანა, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, როგორ მოხდება მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფასის კლება.
„სად შეიძლება მოხდეს წამალზე ფასის დაკლება – ეს არის მწარმოებლის ფასი, დისტრიბუცია-მარკეტინგის ფასი, ღირებულება, დანახარჯები და მოგება. ასეთი მოდელი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სოციალური პროექტი, ერთის მხრივ მწარმოებელმა, რადგან ეს უკვე განსხვავებულ პლატფორმაზე დაფუძნებული კომპანია იქნება, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები გააკეთოს და ამის მაგალითი გვაქვს იგივე C ჰეპატიტზე; მეორეს მხრივ, დისტრიბუცია-მარკეტინგში სახელმწიფომ მიიღოს ჯანსაღი მონაწილეობა და მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები“, – განაცხადა სერგეენკომ.
მესამე ფაქტორი კი, მისი თქმით, ის არის, რომ „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“ არასამეწარმეო იურიდიული პირი, არამომგებიანი ორგანიზაციაა, შესაბამისად, მოგების კომპონენტი ნულს უახლოვდება.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, გაფართოვდება პროგრამა, რომელიც შარშან მაისში დაიწყო და 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს ემსახურება – მათ არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით, 23 მედიკამენტით უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, პროგრამით მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონრები და შშმ პირები.
„თუმცა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წამლის გაცემა 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ იმასთან შედარებით, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ, შემოდგომისთვის ეს 23 კომპონენტი გაუტოლდება ერთმანეთს არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეებისთვის. ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 40 ან 45, 50-მდე“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, კერძო კომპანიებიდან პროგრამის მონაწილე იქნება ქართული მწარმოებელი „ჯი ემ პი”, რაც შეეხება საერთაშორისო მწარმოებელს, მათი გაერთიანებული ასოციაცია.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.