PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები ორიდან 25 პროცენტამდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება. მედიკამენტების მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა ოთხ-ხუთჯერ უფრო დაბალ ფასად. კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც ერთ თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება.

სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო შვიდ მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება“, – ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად, მნიშვნელოვნად გაზარდა. უწყების ცნობით, შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის სააგენტო.