დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გ.ჯ ს ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გ.ჯ ს ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადვოკატი ეკა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გ.ჯ დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
„რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, ვინაიდან დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან არ ვეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ეს განზრახ მკვლელობის მცდელობა იყო. გ.ჯ-ს ქმედება ნამდვილად არ არის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ეს გახლავთ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება.
არ ვიცი, სასამართლომ რა მოტივით დააიგნორა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მოწმეების ჩვენებებით გამოიკვეთა, რომ ნამდვილად არ ყოფილა განზრახ მკვლელობის მცდელობა, თუმცა სრულიად გაუგებარია, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ. იმედი გვაქვს, აპელაციაში შეიცვლება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იყო აუცილებელი მოგერიება და სწორედ ამას ვასაჩივრებთ. არ მინდა სიღრმისეულად შესვლა განხილვაში, რა გაიზიარა და რა არ გაიზიარა მოსამართლემ, თუმცა არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ეს იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება“, – აცხადებს ადვოკატი ეკა მაჭარაშვილი.
სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო და მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.