დავით ონოფრიშვილი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დავით ონოფრიშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინეს და დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს.
როგორც კახა კახიშვილმა განაცხადა, დავით ონოფრიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და მთავრობის წევრებთან მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სადაზღვეო სფეროში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელსაც სპეციალური მიდგომები სჭირდება, რათა მოქალაქეებმა მიიღონ სრულყოფილი სერვისი და ხელი შეეწყოს ჩვენს ქვეყანაში სადაზღვეო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილის გამოცდილებასა და მიღწევებზე ისაუბრა და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს სადაზღვეო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას. ის ამ სფეროში გარკვეულწილად რეგულატორი და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებდეს ისე, რომ ბაზარი რეალურად განვითარდეს და სადაზღვეო კომპანიები და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი ხუთი წლის ვადით დაინიშნა.
დავით ონოფრიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მან, ასევე განათლება მიიღო აშშ-ში ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მიმართულებით. აქვს, ასევე ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
დავით ონოფრიშვილის სამუშაო გამოცდილებებიდან აღსანიშნავია, რომ ის 1994-1995 წლებში აშშ-ში ქალაქ ვაშინგტონის მსოფლიო ბანკის კონსულტანტი იყო. 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი. ის იყო IV და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. 2004-2005 წლებში მუშაობდა შპს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად, ასევე იყო პარტია „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მიწვეული იყო ვაშინგტონისა და ვანდერბილთის უნივერსიტეტებში პროფესორად.