დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გიორგი რამიშვილის მხარდაჭერით, წამყვანმა ამერიკულმა გამომცემლობამ ”Rare Bird Books“, კომპანია „სილქნეტმა“ და „წინანდლის ფონდმა“ ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.
დათო მაღრაძის კრებულში შესულია სხვადასხვა პერიოდის ლექსები და ორი პოემა, „ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“.
წიგნის გავრცელებას აშშ-ს 50 შტატში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Publishers Group West უზრუნველყოფს. პრეზენტაციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ გამომცემლობის პრეზიდენტი, ბატონი ტაისონ კორნელი და აღმასრულებელი რედაქტორი გაი ინტოჩი.
გამომცემლების თქმით, მაღრაძის ნამუშევარი თანამედროვე პოეზიის შედევრია და მათი მოლოდინით აშშ-ში პოეზიის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
„ჩვენთვის დიდი პატივია, დღეს ამ ისტორიულ ადგილას ყოფნა და იმ მდიდარი კულტურული ტრადიციის გაგრძელებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც აქ მრავალი წელია არსებობს. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვეზიაროთ სერიოზულ პოეზიას, რომელიც სცდება დროისა და სიცრუის საზღვრებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიტანოთ ეს პოეზია ამერიკაში და ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ტაისონ კორნელიმ.
კრებული ავტორთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურებს. საპრეზენტაციო ტური ამერიკის თითქმის ყველა შტატს მოიცავს. დავით მაღრაძემ და ამერიკული გამომცემლობის წარმომადგენლებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი წინანდალში, დამსწრე საზოგადოების წინაშე, მოაწერეს.
“სილქ როუდ ჯგუფის” მიერ დაფუძნებული „წინანდლის საქველმოქმედო ფონდის“ მისიაა კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთიანობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა ხელოვნების საშუალებით, ისევე როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.
„Rare Bird Books”, რომელმაც კრებული გამოსცა, წელიწადში დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა ფორმატის პუბლიკაციას უშვებს, თანამშრომლობს გამორჩეულ ავტორებთან და ხელს უწყობს მათი ლიტერატურის თანამედროვე ბაზარზე პოპულარიზაციას.