დავით მაღრაძე - ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა, შემოგვიერთდით 13 აპრილს
დავით მაღრაძე - ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა, შემოგვიერთდით 13 აპრილს

პოეტ დავით მაღრაძის განცხადებით, 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება.

ამის შესახებ დავით მაღრაძემ ვერის პარკში დღეს განაცხადა.

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას – ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში, „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. შემოგვიერთდით, ვისაც მიგაჩნიათ, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი. შემოგვიერთდით 13 აპრილს, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და  მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ. „ნაციონალურ მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც. ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება, მე ვიწვევ ქართულ ფართო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ამას ჩვენი ახალგაზრდობა, რადგან ეს მოძრაობა წარმომიდგენია, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა, რომლის დროშაც ჩვენმა შემდგომმა თაობამ უნდა ატაროს. მინდა გისურვოთ, რომ გათენდეს თავისუფალი დღე საქართველოში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.