დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას გეგმავს
პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას გეგმავს.
როგორც დავით მაღრაძემ პირველ არხს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, თუმცა ეცდება, „დაიცავი საქართველო“ ახალ ასპარეზად და პლატფორმად იქცეს.
„არ ვაპირებ პარტიის შექმნას. მინდა, გაცოცხლდეს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო,“ რომლის არჩეული თავმჯდომარეც ვარ. დღეს არის ორპოლუსიანი პოლიტიკური ჩარჩო, რომლისაგანაც საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გათავისუფლდეს. ერთი მხარე წარსულს უარყოფს, მეორე – მომავალს, ჩვენ კი ორივეს ვაღიარებთ, წარსულსაც და მომავალსაც. შევეცდები, ჩემ მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთო, რათა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა დასრულდეს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული თანხმობის მიღწევას. შევეცდებით, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება გადაიზარდოს პოლიტიკურ პაექრობაში. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას ამძაფრებს კერპთაყვანისმცემლობა მიშისტობისა და ბიძინისტობის სახით. ვეცდებით, „დაიცავი საქართველო“ იყოს პლატფორმა, ასპარეზი ახალგაზრდებისთვის და იყოს სამართლიანობისთვის ბრძოლის ესტაფეტა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.