არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოსა და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც, – ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს” ლიდერმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში განაცხადა, სადაც მოძრაობა შეხვედრას მართავს.
კითხვაზე, თუ არსებობს შანსი, რომ 2020 წლისთვის ,,დაიცავი საქართველო” პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაღრაძე პასუხობს, რომ შანსი არსებობს, თუმცა ის „რჩება საზოგადოებრივ მოძრაობაში”.
„შანსი ალბათ არსებობს, მაგრამ მე პირადად მაქვს გამოცხადებული შეკრება საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს” იდეის ქვეშ. მე ვრჩები საზოგადოებრივ მოძრაობაში. არ ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას, საპარლამენტოს და პარტიულს და ისე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მოძრაობასაც აქვს გავლენა ცხოვრებაზეც და პოლიტიკაზეც”, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, მოძრაობის ამოცანაა, მმართველი გუნდი ისე ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რომ არ დაბრუნდეს ყოფილი ხელისუფლება.
„ჩვენი ამოცანა არის, რომ ორპოლუსიანი სისტემიდან გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე. დღევანდელი ხელისუფლება ისე ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რომ ვერ მობრუნდეს ძველი ხელისუფლება. ეს არის ეროვნული ამოცანა, ჩემი პირადი ამოცანა და მინდა, გავუზიარო საზოგადოებას”, – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა.
მისივე თქმით, არსებულ რეალობაში ის არათუ არაფორმალურ, საერთოდ ფორმალურ მმართველობასაც ვერ ხედავს.
„არაფორმალურ მართვას ვერ ვხედავ, რადგან საერთოდ მართვას ვერ ვხედავ. მე უფრო უმართაობას ვხედავ. იმედგაცრუებული არასოდეს ვყოფილვარ, არც ახლა არ ვარ. მხნეობა არასდროს მტოვებდა და არც ახლა დამტოვებს”, – განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, „ის გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილს შეურთდეს“.
რაც შეეხება მოძრაობის დაფინანსების საკითხს, „დაიცავი საქართველოს” ლიდერის თქმით, მათ „დაფინანსებულის არაფერი ეტყობათ”.
„რეკლამა გვინდოდა და ესეც ვერ შევძელით. არაუშავს, რაღაცებს შევძლებთ”, – განაცხადა მაღრაძემ.