დავით მაღრაძე - ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არ აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს
ხელისუფლებას უსაფუძვლო ამბიცია არ აქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობს, ეს ხელისუფლების რეალობასთან ძალიან ახლომდგომი განზრახვაა, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ახლოს იყო საფრთხეები, მაგრამ ხელისუფლებამ გააზრებული რისკის ფასად ქვეყანას აარიდა დიდი ქარტეხილები, რაც ჩვენ გარშემო თითქმის ყველგან დატრიალდა“.
დავით მაღრაძის განმარტებით, დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის მოსახლეობა.
„არაერთი მოწოდება გაისმა, როგორც საერთაშორისო ძალიან გავლენიანი სტრუქტურების, ასევე ბრძოლაში ჩართული უკრაინის ხელისუფლების. არ ვიცი, რამდენად ბოლომდეა განეიტრალებული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე მოახლოებული მშვიდობიანი არჩევნებისკენ მიდის ჩვენი მოსახლეობა. ერთი რომ ქარტეხილები აგვარიდა ხელისუფლებამ, და მეორე – მშვიდობიანი დრო მიეცა ჩვენს მოქალაქეს, რათა არჩევნებზე წავიდეს გააზრებული გადაწყვეტილებით და არა – ფორიაქით, არა – კარს მომდგარი განსაცდელის შიშით. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად არჩევნებზე მივდიოდით განზრახვით: „ოღონდ ეს არა“. ახლა მოსახლეობას მიეცა საშუალება, მშვიდად გაიაზროს თავისი გადაწყვეტილება. სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას იმის საფუძვლიან იმედს, რასაც აცხადებს“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.