ანა ნაცვლიშვილი - ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიების იმედად ტოვებს ძალადობრივ მოქმედებებს, პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი
ანა ნაცვლიშვილი - ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიების იმედად ტოვებს ძალადობრივ მოქმედებებს, პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი

ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიებების იმედად ტოვებს მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებს, პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, მათაც მოუწევთ, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, გუშინ ღამით საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პირადად რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მას მოუწევს, ყველა ამ დანაშაულზე პასუხი აგოს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანაშაულის თანამონაწილეა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გადაქცეულია პარტიის ქვედანაყოფად და ნაცვლად იმისა, რომ მყისიერი რეაგირება ჰქონდეს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებზე, დაკავებულია დანაშაულების ჩაფარცხვით და ყალბი, სრულიად არაკანონიერი მოქმედებებით, რომელიც არის, თავის მხრივ, დანაშაულებრივი უმოქმედობა. მინდა, გავაფრთხილო ისინი, ყველა, ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიებების იმედად ტოვებს მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებს, პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, მათაც მოუწევთ, წარდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ჩართული არიან სატელეფონო კამპანიებში, თითოეული მათგანი, როგორც დამკვეთები, ორგანიზატორები, ისე შემსრულებლები, ყველანი იქნებით ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული და მოგიწევთ პასუხისგება იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მონაწილეობთ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ ასრულებთ რუსი ოლიგარქის დავალებებს, ვერ ამოეფარებით მას და პირადად მოგიწევთ, პასუხი აგოთ დანაშაულებრივი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, გააგრძელებენ ერთად მტკიცე დგომას, რათა საქართველო აღარასდროს დაბრუნდეს რუსეთში.

„Მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, რაც ასე ძალიან აშინებს ოლიგარქს და მის მიერ მართულ ინსტიტუციებს, ეს ხართ თქვენ, ქართველი ხალხის მტკიცე ერთობა, რომელმაც ოლიგრქს აჩვენა, რომ ერთ მხარეს დგანან მართალი, ძლიერი, საქართველოს ათიათასობით მოქალაქე, რომელიც იცავს თავის სამშობლოს და ვინ დგას მეორე მხარეს? ლაჩრები, რომლებიც სახის დამალვით, უკნიდან მიპარვით ცდილობენ, დააშინონ ადამიანები. ასეთი ლაჩრების დასაშინებელი ამ ქვეყანაში არავინაა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, ერთად მტკიცე დგომას, რათა საქართველო აღარასდროს დაბრუნდეს რუსეთში. ჩვენი მომავალი არის ევროპაში“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.