დავით მაღრაძე - დაიხუთა ასპარეზი, ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს მოიცვას, თითქმის კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს
დავით მაღრაძე - დაიხუთა ასპარეზი, ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ სივრცეს მოიცვას, თითქმის კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს

ჩვენი განზრახვაა, ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ორპოლუსიანი დახუთულობისგან, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, დღეისთვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს.

„ხშირად მეკითხებოდნენ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები?! ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში „დაიცავი საქართველო“. ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები… იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა, წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ვინც ჩვენს გულისტკივილს პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს.

„ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის. ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკურ სივრცეს მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ამასთან, როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, მისი მიზანი ხელისუფლებიდან ერთი პოლიტიკური გუნდის ისე გაშვებაა, რომ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდეს.

„პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა.“ „დაიცავი საქართველოს“ ძალიან საინტერესო წარსული და საინტერესო ბიოგრაფია აქვს. შეიძლება, იყო რაღაც ნეგატივი, ბევრჯერ გულგატეხილობაც, მომიტევეთ გახსენებისთვის, მაგრამ არა მგონია, რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს ამდენი დამტვრეული ძვლები, ამდენი დახეთქილი თავები. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ განცხადებებით არასდროს შემოიფარგლებოდა. ჩვენ განსაცდელის წინაშე მხნედ ვიდექით. დღეს „ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ შედეგი ვერ დავდეთ და ამაზე მიგვანიშნებს. ის შედეგი ხომ მაინცაა, რომ გარისკა და ბრძოლის ველზე გამოვიდა. ვფიქრობ, ეროვნული ამოცანის ხარისხშია ჩემთვის ისეთი ხვალინდელი დღის შექმნა, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს,“- განაცხადა დავით მაღრაძემ