დავით კირვალიძე - სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ახალი ტექნოლოგიები ათვისებადი უნდა გახდეს
დავით კირვალიძე - სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ახალი ტექნოლოგიები ათვისებადი უნდა გახდეს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გლობალურ დონეზე სოფლის მეურნეობის მთავარ გამოწვევებსა და გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას კირვალიძემ განაცხადა, გლობალურ დონეზე სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემა არის განათლება და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა მეწარმეობის წახალისება.

„ყველაზე ძირითადი პრობლემა არის განათლება, რაც ასე საჭიროა სოფლად და სოფლის მეურნეობაში, რომ ახალი ტექნოლოგიები ათვისებადი გახდეს ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია წარმოებით“, – განუცხადა კირვალიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

კირვალიძის განმარტებით, განვითარების ტემპები ძალიან სწრაფია და გლობალურ დონეზე სწრაფი ცვლილებები ხდება. შესაბამისად, კონკრეტული ქმედებები ამ ცვლილებების გათვალისწინებით უნდა გატარდეს. კირვალიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია არა უბრალოდ ინფორმაციაზე წვდომა, არამედ გასაგებად მიტანა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებამდე.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორად არჩევის შემთხვევაში, კირვალიძე პირველ რიგში, ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეყნებში მუდმივმოქმედ პროფესიულ-ტექნიკურ თანამშრომლებთან ურთიერთობის გააქტიურებასა და მათ წახალისებას გეგმავს. კირვალიძე აცხადებს, რომ ამ ხალხს წვრილმან დავალებებს აძლევენ და იშვიათად თხოვენ ლიდერობას, მაშინ, როცა სწორედ მათ იციან ყველაზე უკეთ, რომელი პროგრამა მუშაობს კარგად.

კირვალიძემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ამ პრობლემის გადაჭრა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს.

მიმდინარე წლის ივნისში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევნებია დაგეგმილი. აღნიშნული პოზიციისთვის ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე იბრძოლებს. კირვალიძემ უკვე საკუთარი საარჩევნო პროგრამაც წარადგინა.