დავით გიგინეიშვილი - უსაფრთხოების ნორმებზე კომპანიების შემოწმებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შრომის უსაფრთხოების ინსპექციასთან ერთად ახორციელებს
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ უსაფრთხოების ნორმებზე კომპანიების შემოწმებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და შრომის უსაფრთხოების ინსპექცია ერთობლივად ახორციელებენ. კომპანიები, რომელთა საქმიანობაც დღეის მდგომარეობით შეჩერებულია, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ახალ ნორმებს, მომავალში მთავრობის 181-ე დადგენილებით განსაზღვრული იმ კომპანიების სიას დაემატებიან, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია, – ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა დავით გიგინეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის ფონზე ბიზნესის საქმიანობის პერიპეტიები განიხილეს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტული მოთხოვნების გარდა, ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ ვირუსთან ბრძოლისთვის განსაზღვრული უსაფრთხოების ახალი ნორმების დაცვაც უწევს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, მთავრობის ე.წ. 181-ე დადგენილებით მხოლოდ ბიზნესის ნაწილს მიეცა საქმიანობის გაგრძელების უფლება, ისიც იმ შემთხვევას, თუ ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ განსაზღვრულ ეპიდემიასთან ბრძოლის უსაფრთხოების დამატებით ნორმებს იცავს. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ მათი საქმიანობის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების ახალი რეგულაციების დაცვაც შეუძლია, აქვთ შესაძლებლობა, რომ სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობა გააგრძელონ. ნებართვის მიღება მათ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი რეკომენდაციის მიღების შემდეგ შეუძლიათ.
დავით გიგინეიშვილის განმარტებით, საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადების მიღება გასულ კვირაში დაიწყო და უკვე ასეულობით განაცხადია მიღებული.
„ჩვენ წინა კვირაში დავიწყეთ განაცხადების მიღება იმ კომპანიებისგან, ვისაც აუცილებლად სჭირდება საგანგებო მდგომარეობაში მუშაობა. ეს არის ძირთადად სამშენებლო კომპანიები, ინფრასტრუქტურული ობიექტების განმახორციელებელი კომპანიები, ასევე წარმოებები და ა.შ. სამშენებლო კომპანიების განცხადებების დიდი ნაწილის განხილვა მოხდა. ასობით განაცხადია შემოსული სამშენებლო კომპანიებისაგან. ამ დღეებში ეტაპობრივად ყველა განმცხადებელი კომპანიის შემოწმება მოხდება, რომელმაც განაცხადის დონეზე დოკუმენტურად დაადასტურა მზაობა. ყველა კომპანიას დავუკავშირდებით და როცა მივალთ ობიექტზე, მათ ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია უნდა ჰქონდეთ გათვალისწინებული“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ ვითარებაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ უსაფრთხოების ნორმებზე შემოწმებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შრომის უსაფრთხოების ინსპექციასთან ერთად ახორციელებს.
„ამ შემთხვევაში ჩვენი და შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები ერთნაირია. ჩვენ ვამოწმებთ, როგორ არიან კომპანიები მომზადებული კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის და რამდენად ასრულებენ რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ერთი რეკომენდაციებით ვმოქმედებთ. ჩვენ ვამოწმებთ კო კომპანიებს, რომლებიც უკვე ოპერირებენ და რომლებიც აწი აპირებენ გახსნას განაცხადების მიხედვით და ინფრასტრუქუტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიებს, რომლებიც შევამოწმეთ და ვთქვით, რომ არ არიან მომზადებული, არ ვაძლევთ რეკომენდაციას საგანგებო პერიოდში მუშაობის განახლებაზე. ხოლო რომლებიც აკმაყოფილებენ, იმათ ვაძლევთ რეკომენდაციას და მომავალში 181-ე დადგენილებაში ცვლილება შევა და ეს კომპანიები დაემატებიან“, – განუცხადა დავით გიგინეიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.