დავით გარეჯში იმართება აქცია „გარეჯი საქართველოა, კავკასია კი ჩვენი სახლია“ [ვიდეო]

დავით გარეჯის ტერიტორიაზე აქცია „გარეჯი საქართველოა, კავკასია კი ჩვენი სახლია“ იმართება.

ადგილზე შეკრებილმა სასულიერო პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ტაძრებამდე ეტაპობრივად გადაადგილდნენ, რადგან რელიეფი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად გადაადგილდეს.

„ავდივართ, ვლოცულობთ და ჩამოვდივართ. არავისთან საჩხუბარი არა გვაქვს და არ ვჩხუბობთ, ვლოცულობთ, ჩვენ ხომ თავიდანვე ეს ვთქვით. ყველას რაღაც გვტკივა, ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ ნერვებს ნუ ავყვებით, ემოციებს ნუ ავყვებით. მოვიქცეთ ღირსეულად, როგორც გამართული, სწორი საზოგადოება, ერი, ქრისტიანი ხალხი. ოცი კაცი რომ ავა, თუ არ ჩამოვიდა ის, იქ ვეღარ დატრიალდები. იქ 100 კაცი ვერ გაჩერდება, შეუძლებელია, ვერც 50.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჯერ რესურსები არ ამოწურულა, ყველაფერი არ ჩანგრეულა. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ“, – განაცხადა ადგილზე მეუფე კირიონმა.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეიკრიბებიან დავით გარეჯის ლავრასთან და ფეხით გააგრძელებენ სვლას ჯერ აღდგომის ტაძრამდე, შემდეგ კი ჩიჩხიტურის ტაძრამდე. იქ მისასვლელი ბილიკები თავისუფლია, თუმცა არის რთული რელიეფი. მოქალაქეების გადაადგილებას შსს და საზღვრის დაცვის პოლიცია აკონტროლებს.