დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო

დავით გარეჯის საქმის განხილვა 23 აპრილისთვის გადაიდო. მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქმეში 115 მოწმის ჩვენებაა. სადრაძის თქმით, დასაკითხ მოწმეთა რიგითობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

ამასთან, მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე წარადგენს მათ პოზიციას ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ასევე, ადვოკატებმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვისას დააყენეს შუამდგომლობა, რომ საქმეს მტკიცებულებად დაერთოს მოძრაობა „დროას“ მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც მათი თქმით, დავით ხიდაშელის რუსეთთან კავშირებს ეხება.

საქმეზე ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნაზე ბრალდების მხარეს დიდი ხანი დასჭირდა. მისივე თქმით, დასახელებული რუკა გამოყენებისთვის უვარგისია და ელემენტარულ კარტოგტაფიულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

„მოძრაობა „დროას“ ვიდეოსთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მოვითხოვეთ საქმეზე დართვა, ვინაიდან დისკის სახით იყო. პროკურატურამ მოითხოვა დრო, რომ გაცნობოდა. ჩვენ დავეთანხმეთ და შემდეგ პროცესზე თავიანთი პოზიციით დაბრუნდებიან. მოკლედ ვისაუბრეთ შესავალ სიტყვაში იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც ილიჩოვას ბრალდების საქმეს ეხება. რუკის დამალვასთან დაკავშირებით რა ნარატივიც ვითარდება ბრალდების მხარის მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფაქტებით არის დადასტურებული. აღვნიშნეთ, რომ 1:200 000-იან რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნაზე ბრალდების მხარეს დიდი ხანი დასჭირდა. ადამიანს ედავებიან ამ რუკის გამოუყენებლობას, ბრალდებულები ეუბნებიან, რომ უვარგისია და არ ამოწმებს პროკურატურა, რუკა ვარგისია თუ უვარგისი, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სასაცილოა. ეს რუკა გამოყენებისთვის უვარგისია და ის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ კარტოგტაფიულ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს რუკა, რომელიც დელიმიტაციის პროცესში უნდა გამოიყენო“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

საქმეზე მტკიცებულების სახით ვიდეოს დართვასთან დაკავშირებით საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ მას ეს მასალა ნანახი არ აქვს. მისივე თქმით, ნებისმიერი ინფორმაციის საქმეზე დართვა, მტკიცებულებათა შესაბამის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამიტომ, სადრაძე აცხადებს, რომ შემდეგ სხდომაზე ვიდეოს შინაარს გაეცნობიან და პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ.

რაც შეეხება ექსპერტიზებს, ამასთან დაკავშირებით სადრაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არც პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი და ამ მიმართულებით ყველაფერი სამართლიანად ხდება.

„არ მაქვს ნანახი ეს მასალა და დაცვის მხარეს არ გაუჟღერებია, რა შინაარსის არის მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ ფორმით უნდა იყოს დამაგრებული საქმეზე, უნდა აკმაყოფილებდეს მტკიცებულებათა შესაბამის სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ დაერთვება საქმეს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მისი შინაარსი უცნობია, შემდეგ სხდომაზე გავაანალიზებთ და წარვადგენთ ჩვენს პოზიციას.

რაც შეეხება იმ გარემოებებს, რაზეც დაცვის მხარე შესავალ სიტყვაში აპელირებს, უმეტესი ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სექტემბერში, როდესაც ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა, თითქოს ის ოთხ დღეში ჩატარდა, რაც არასწორია, რადგან ამ ექსპერტიზაში მონაწილეობდა შვიდი ექსპერტი, ერთი ექსპერტი 12 დღის განმავლობაში უწყვეტად ატარებდა ამ ექსპერტიზას და მან მხოლოდ ერთ კითხვას გასცა პასუხი. მათ ექსპერტიზის დასკვნა არ მიუღიათ, ასევე არ მიგვიღია ჩვენ.

რაც შეეხება რუკების ვარგისიანობაზე ადვოკატების განცხადებას, ეს არ არის სწორი და გეტყვით რატომ, ერთ-ერთი ექსპერტიზა, რომელიც ჩვენი ინიციატივით იყო დანიშნული და არის საქმეში, მიუთითებს, რომ 1:500 000-იანი მასშტაბის დოკუმენტი გამოსაყენებლად არ არის ვარგისი. ზოგადად, კანონის თანახმად, ნებისმიერი საკვლევი ობიექტი თუ რაღაც თვისებებს არ აკმაყოფილებს, მასზე კვლევა ვერ ჩატარდება. ზუსტად ისევე გასცემს ექსპერტიზა პასუხს როგორც ამ 1:500 000-იანზე გაგვცა პასუხი. ის ფაქტი, რომ 1:200 000-იან რუკაზე ექსპერტიზამ კვლევა ჩაატარა და დასკვნა გასცა, ავტომატურად გულისხმობს, რომ ის არის ვარგისი. დაცვის მხარე როდესაც აცხადებს, რომ მათ მიერ შედგენილი რუკის ალბომი ანუ დოკუმენტი, სადაც საქართველოს პოზიცია ასახეს, სრულად შეესაბამებოდა 1:500 000-იანის მონახაზს, ეს აბსურდია, რადგან მონახაზის გამოყენება არის უვარგისი, ამას ექსპერტიზა ადასტურებს და ამის კვლევა საერთოდ არ ჩაუტარებიათ. ამ რუკის კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით უშუალოდ ბრალდებულებს აქვთ დაფიქსირებული, რომ სხვადასხვა რუკა გამოიყენეს, ეს იკითხება დოკუმენტზე. 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელიც 13 მონაკვეთზე ამბობს, რომ 3 500 ჰგექტარით მეტი გვეკუთვნის ჩვენ ტერიტორია, ვიდრე ბრალდებულებმა შეათანხმეს, ამის გასაბათილებლად რაიმე არგუმენტის ლოგიკას ვერ ვხედავ, თავი რომ დავანებით გარემოებას, რომ 1:200000-იანი რუკა სწორედ იმ დროს, 1938 წელს იმ მდგომარეობას ასახავს, რაც რელევანტურია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.