დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ზურაბ ნოღაიდელი და გიორგი მანჯგალაძე გამოკითხეს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე) ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა.
ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ პროკურატურაში გამოკითხეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიებას კიდევ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ჰყავს გამოკითხული, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.