დავით გაბაიძემ - ოპოზიცია პანდემიის შედეგებს აანალიზებს და იმ შურიანივით იქცევა, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა
დავით გაბაიძემ - ოპოზიცია პანდემიის შედეგებს აანალიზებს და იმ შურიანივით იქცევა, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა

ოპოზიცია პანდემიის შედეგებს აანალიზებს და იქცევა იმ შურიანივით, დახრჩობას რომ გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობის შეშურდა, – ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღეს უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატთა ქმედება.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმატება გამოჩნდა, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი „საერთოდ მწყობრიდან გამოვიდა“.

„მათ აღელვებთ ხელისუფლების ის რეიტინგი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის გამო, ხელისუფლებამ მიიღო. ისინი გაბოროტებული არიან და ხელისუფლების წარმატების შურთ”-განაცხადა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ მმართველმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილება და მთავრობას ანგარიში დაავალდებულა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ორი მოწვევის უმრავლესობას ფლობდა უმაღლეში, არასდროს არ ყოფილა მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ანგარიშით, რადგან კონსტიტუცია და რეგლამენტი არ ითვალისწინებდა ამას, არ იყო მიმსვლელი მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე, შესაბამისად, ეს კანონში არ იწერებოდა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ნება იყო, რომ უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებლის როლი გაძლიერებულიყო და ამ მიმართულებით რიგი დებულებები გაჩენილიყო.

თქვენი იცით, რომ თორნიკე რიჟვაძე ორი წელია, მთავრობის თავმჯდომარეა და უკვე მეორედ მოდის და არ ერიდება, ანგარიშს აბარებს.

მე ვფიქრობ, რომ ანგარიში იყო ეფექტური. საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე უწევს აჭარის მთავრობას მუშაობა. ვფიქრობ, რომ მთავრობა თავის საქმიანობაში არის ეფექტური პანდემიასთან ბრძოლაში, პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, რას აკეთებდა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, რათა პანდემია შეჩერებულიყო.
პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის ნაწილში შეფერხება არ გვექნება. ყველა დაწყებული პროექტი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს კითხვებზე პასუხები ექნება“,- განაცხადა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშით გამოსვლისას ხმაური იყო.