„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მიზეზად დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.

„დღეს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას. მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრებთან ჯდომა ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ევროპული მომავლისთვის ერთადერთი გზა გადის თავისუფლებასა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნას, რადგან ისინი კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა.

მმართველ გუნდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად და დესტაბილიზაციის შემოტანის მორიგ წარუმატებელ მცდელობად შეაფასეს.

„ეს არის უპასუხისმგებლო, მავნებლური დამოკიდებულება ქალაქისადმი, რომელიც ელოდება მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას – უპრეცედენტო 285-მილიონიან ბიუჯეტს. ამის მიზეზი ის არის, რომ ვერცერთ პროგრამაში შენიშვნა ვერ დაასახელეს. მათი დესტრუქციული ქმედება გრძელდება, უკვე მერამდენედ დგამენ ასეთ შოუებს. საზოგადოება დაიღალა და არც აქცევს ყურადღებას“, – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან, თენგიზ აფხაზავამ.

ცნობისთვის, მანამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი არ აპირებენ ხელისუფლების გვერდით ჯდომას და პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.