დავით ჭიჭინაძე - შეიძლება, ლარის გაუფასურებაც დადგმული სცენარია და ჩვენს საკეთილდღეოდ შემოტრიალდეს
დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაუფასურდება.
ჭიჭინაძის შეფასებით, ბანკები ლარის კურსის თამაშით დიდ მოგებას იღებენ და თუ ამაზე საკანონმდებლო შეზღუდვა არ დაწესდება, ძალიან ცუდი შედეგი დადგება.
„მთავრობამ ბანკების შეზღუდვისთვის ნახევარი ნაბიჯები გადადგა. ბანკების პარპაში უნდა დასრულდეს. ქვეყანაში ყველაფერზე ამბობენ, რომ დადგმულია. შეიძლება, ლარის გაუფასურებაც დადგმული სცენარია და ჩვენს საკეთილდღეოდ შემოტრიალდეს და ამას ვერ ვხვდებით. როგორც ჩანს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს თავისი შეხედულებები აქვთ. თუ საკითხს სერიოზულად შევხედავთ, გეტყვით, რომ სერიოზული განმარტება ვერც ერთი გაუფასურების დროს ვერ მოვისმინეთ. თქვეს, მეზობლების გამო უფასურდებაო, თუმცა მეზობლები მყარდებიან, ჩვენთან ეროვნული ვალუტა კი ისევ უფასურდება. წარმომიდგენია, რა დაემართება ლარის კურსს არჩევნების შემდეგ, რადგან კომპეტენტური განმარტება ამ დრომდე არც ერთმა უწყებამ არ გააკეთა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.