დავით ჭიჭინაძე - კადიროვის განცხადებას მუქარასაც ვერ დავარქმევ, ეს თავის არიდება იყო იმ ბრალდებაზე, რომელიც ქართული მხარისგან გაისმა
კადიროვის განცხადებას მუქარასაც ვერ დავარქმევ, ეს თავის არიდება იყო იმ ბრალდებაზე, რომელიც ქართული მხარისგან გაისმა, რადგან ადამიანი, რომელიც დაკავებულია, ჩვენმა ძალოვანებმა დაადასტურეს, რომ დაკავშირებული იყო გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობასთან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
დავით ჭიჭინაძემ კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც რამზან კადიროვმა გუშინ გაავრცელა.
როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, კადიროვი იმ სიმძიმეს ხვდება, რაც ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ელოდება.
„ამას რუსეთის სახელმწიფოც ხვდება, რადგან ის არ არის რუსეთის რიგითი მოქალაქე, მაღალჩინოსანია, რესპუბლიკის ხელმძღვანელია და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ცენტრალურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, რომ თან სახე არ დაკარგოს, მაგრამ თან გაემიჯნოს მომხდარ ამბავს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, ხელისუფლებამ ასეთი შემთხვევის დროს, ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება უნდა მოახდინოს და ნებისმიერი სახელმწიფოს მოხელეს, ვინც ასეთ განცხადებას გააკეთებს, უნდა შეეზღუდოს გადაადგილება თუ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ურთიერთობაზე, რადგან მთელი მსოფლიო ასეთ დანაშაულს ებრძვის. ფაქტიურად, საქმე გვქონდეს ტერორიზმთან გათანაბრებულ ქმედებასთან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.