გავაგრძელებ სამომავლო საქმიანობას, როგორც ვცხოვრობდი, ჩავწვდები კანონებს, შევეცდები, მაქსიმალურად ჩახედული ვიყო, არ მივცე საშუალება, ისეთი კანონები გავიდეს, რომლებიც ხალხის ინტერესებს დააზიანებს, – ამის შესახებ პირველ არხს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები მისთვის აღმოჩენა იყო.
„ეტყობა, მე ჩამოვრჩი, ან ეგენი წავიდნენ ძალიან წინ მორალში და ეთიკაში. ჩუგოშვილი დაეწია ქუცნაშვილს მორალში და ეთიკაში. ესეც ჩემთვის აღმოჩენა გახდა. გუშინ რაღაც ერთნაირად მღეროდნენ, ერთნაირად გალობდნენ მორალს და ეთიკას. აქედან გამომდინარე, დემოკრატიაზეც ერთნაირი შეხედულებები გაუჩნდათ. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო“, – განაცხადა დეპუტატმა.
დავით ჭიჭინაძის თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელები დაადგნენ ბოლშევიკურ და კომკავშირულ გზას.
„მთავარი იყო, ზემოდან რა დირექტივაც იყო მოსული, ის გაეხმოვანებინათ და მაქსიმალურად მკაცრი სახით. ზაქარია ქუცნაშვილის სახეს თუ შეხედავდით, ზუსტად ასე იყო. ვენაცვალე ზაქარიას. კიპლინგს დავესესხები კიდევ ერთხელ – ბავშვობაში მაუგლი რომ ყურადღებით წაეკითხათ, ალბათ რაღაც დღეს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენდნენ. იქ არის ტაბაკი, ასეთი პერსონაჟი, რომელიც სულ ჩრდილოეთისკენ გარბის. ჩვენ წავალთ ჩრდილოეთისკენ, ის ბოლშევიკური, კომუნისტური გზაა. ამ ადამიანებს საქციელში, მოწოდებებში არჩეული აქვთ კომკავშირული, ბოლშევიკური გზა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მისი განცხადებებით გაღიზიანდა 10-15 ადამიანი, რომლებიც, მისივე თქმით, „კოლექტიური ზარდიაშვილები“ არიან.
„ეს არიან ის ადამიანები, რომელთა პოლიტიკური წარსული ბნელეთით არის მოცული და ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ადეიშვილ-მერაბიშვილ-სააკაშვილის სისტემასთან. მათი ხელის ბიჭები იყვნენ. მამუკა მდინარაძე, მგონი, საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო ადვოკატების ასოციაციის თავმჯდომარეობაზე. ზარდიაშვილი ყველამ იცის, რაც იყო. კობახიძე ლექციებს უკითხავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ფულს უხდიდნენ ლექციებში, რომ მოესყიდათ. ამ ადამიანების ღირებულებებზე რა უნდა ვილაპარაკოთ“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, პარლამენტს მაკონტროლებელი ფუნქცია აკისრია და მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის საქმის კურსში არ იყვნენ.
„მე მაინტერესებს, 720 მილიონიო, რაღაცას ედავებიან თავის ყოფილ თანაგუნდელებს, მაინტერესებს საპარლამენტო რესპუბლიკაში 720 მილიონი შენმა მინისტრმა როგორ უნდა წაიღოს, როდესაც მაკონტროლებელი ფუნქცია გაკისრია პარლამენტს. ე.ი ტაშს უკრავდი და შენც მონაწილეობდი, აბა დეგენერატი ხარ? ეს არის ჩემთვის გაუგებარი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა, როგორ გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში.
„გავაგრძელებ სამომავლო საქმიანობას როგორც ვცხოვრობდი, ჩავწვდები კანონებს, შევეცდები, მაქსიმალურად ჩახედული ვიყო, არ მივცე საშუალება, რომ ისეთი კანონები გავიდეს, რომელიც ხალხის ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.