დავით ჭიჭინაძე - გამომდის, რომ პრემიერის მოთხოვნას ვარღვევ, მაგრამ ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი ღირებული ადამიანია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს არა მხოლოდ პარტიის, არამედ საქართველოში მოსახლეობის გაერთიანების ძალა შესწევს.
პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი პირველი განცხადება იმას მოჰყვა, რომ პრემიერ-მინისტრის შეფასებაზე ზოგიერთი კოლეგის ტონი არ მოეწონა.
„გამომდის, რომ პრემიერის მოთხოვნას ვარღვევ, რომ არავინ არ დაიცვას, მაგრამ ზუსტად იმას ვამბობ, რომ ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთი ღირებული ადამიანია. პოლიტიკას ვგულისხმობ და არა მეგობრულ და ნათესაურ კავშირს. ამ ადამიანს საქართველოში მოსახლეობის გაერთიანების ძალა შესწევს და მის გვერდით ვარ. სააკაშვილი იძახდა, ჩვენი გუნდის წევრები, „ჩარეცხილები“, გაძევებულები, მოშორებული და ხორცმეტი ადამიანები არსებობენო. არ მინდა, რომ ადამიანები „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ იყვნენ დაყოფილნი. ამას ვერ ავიტან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებზე დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „არანაირი ჩემი დაჯგუფება, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.