დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „პატრიოტებში“ წევრიანდება.
პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ „პატრიოტებში“ მხოლოდ იმიტომ წევრიანდება, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.
„ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
„პატრიოტები“ ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებით დადგნენ, რომელმაც ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო, „პატრიოტებს“ კი ამ დროისთვის ხუთი წევრი ჰყავთ.
რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ის „ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან ზაფხულზე გარიცხა, თავად კი უმრავლესობის რიგები სექტემბერში დატოვა.