დავით ჭიჭინაძე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მიმართავს
დავით ჭიჭინაძე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მიმართავს

რატომ არ რეაგირებს „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივებზე მთავრობა, – ამ კითხვით დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მიმართავს.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების პროგრამაში სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარდა, ყველაფერია წარმოდგენილი.

„ვხედავ, რომ ხალხი გააღატაკეს, ფული გააძვირეს და საკუთარი მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არიან, ეშმაკსაც კი შეეკრან. ყველამ ვიცით „საქართველოს ბანკის“ არაპროფილური აქტივები: „M კვადრატი“, რუსთავის „აზოტი“, „ევექსი“ და უამრავი სხვა, ანუ კანონი ირღვევა და ჩნდება გონივრული ეჭვი, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო. თუ ყალბი დღგ-ებით 300 მილიონი ასე ნაწილ-ნაწილ იპარებოდა ამ ქვეყანაში და ხელისუფლება არ იმჩნევდა, ან ვერ მიხვდნენ, მაშინ სულ მცირე, სამსახურებრივი გულგრილობისთვისაა ნახევარი ფინანსთა სამინისტრო დასაჭერია“, – აღნიშნავს ჭიჭინაძე მიმართვაში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს ბანკები მარტივი ფულის შოვნთ არიან დაკავებული და არც კი აინტერესებთ ბიზნესის, მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი დაფინანსება.

ამასთან, მისი თქმით, სავალუტო კურსი პირდაპირაა მიბმული სავალუტო სპეკულაციებთან.

„ამიტომ ვეკითხები ეკონომიკურ გუნდს: ბანკები ბლუმბერგზე აძლევენ თუ არა ერთმანეთს ინფორმაციას მომავალი კურსის ტენდენციებთან დაკავშირებით? ან თუ პარამეტრები არაა გაუარესებული, მაშინ რატომაა ლარის კურსი ასეთ მდგომარეობაში?

სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი წვლილი ლარის გაუფასურებაში ის სპეკულაციაა, რასაც ბანკები მიეჩვივნენ და რასაც მხოლოდ მათი მოგების გაასმაგება მოაქვს და არა,  გარეშე ან ეკონომიკური ფაქტორებს. აი, ამაზე უნდა ეზრუნა მთავრობას და არა, სტატისტიკური მონაცემების წარდგენაზე“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი შეფასებით, ამიტომ ჰგავს სტატისტიკის სამსახურის განცხადებას მინისტრების თუ მინისტრობის კანდიდატების ყველა გამოსვლა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეკონომიკას რეალურად სჭირდება გაზრდა და არა, ციფრებში და მანიპულაციებში.

დავით ჭიჭინაძე ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენ ერთი ეტაპი გავიარეთ და ავკრძალეთ არაპროფილური საქმიანობა, რის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ამ კანონის მიღება, სადაც იქნებოდა იმ მმართველი რგოლისა და დამფუძნებლების სია, რომლებსაც არ ექნებოდათ არაპროფილურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს რომ ბოლომდე მიგვეყვანა, არც ასეთი საუბარი გვექნებოდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არც მითიური „თიბისი კონსორციუმი“ იქნებოდა შექმნილი და არც მთელი მსოფლიოს წინაშე მოგვეჭრებოდა თავი, რომ თურმე, პოლიტიკური დაპირისპირების გამო ვერ ხორციელდება ეს პროექტი.

ისე, მაინტერესებს, „საქართველოს ბანკთან“ მიმართებაში რატომ არ ხდება აქცენტირება მის არაპროფილურ საქმიანობაზე?

მოკლედ, ამ მოცემულობით, რომლითაც დღეს ოპერირებენ, ბანკები არასოდეს დაუჭერენ მხარს არანაირ ბიზნესს“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს  სახელმწიფოს მხარდაჭერა, ფინანსური ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა, ხოლოდ დეკლარირებისთვის ჩაწერა პროგრამაში.

„ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, მაჭავარიანს მინდა ვკითხო, რატომ მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 20 წლის წინანდელი, ჩამოწერილი 25 მილიონი დოლარის გადახდა და რატომ არის ეს გასაიდუმლოებული?! საუბარია ვალზე, რომელიც ყველა ხელისუფლებამ აღიარა, როგორც შევარდნაძის კორუფციული ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება გარკვეული კომპანიის მიმართ. დღეს კი, ხელში მაქვს საქართველოს მთავრობის 2015, 2016 და 2017 წლის განკარგულებები, „რაიფაიზენ“ ბანკსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი მორიგების ხელშეკრულების პროექტების შესახებ. ეს არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ფინანსთა სამინისტრო ფულს უყოფს იუსტიციის სამინისტროს და, დაახლოებით, 65 მილიონი ლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან.ვის სასარგებლოდ მოხდა ეს გარიგება?

პრინციპში, ყალბი დღგ-ების პირობებში არც ეს არის გასაკვირი. ეტყობა, ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართული ამ ამბებში, რომ ფინანსთა სამინისტრო ორი წლის განმავლობაში ვერ ჩაერია საქმეში,“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.