დავით ჭიჭინაძე - დღეს საქართველოში დედობა ოჯახისთვის, გარკვეულწილად, გაღარიბების წყაროა, ეს უნდა შეიცვალოს და გახდეს გამდიდრების წყარო
დღეს საქართველოში დედობა ოჯახისთვის, გარკვეულწილად, გაღარიბების წყაროა და არა – გამდიდრების, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა გახდეს გამდიდრების წყარო. ადამიანი როდესაც ჩნდება, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ყველაზე დიდ ინვესტიციას საქართველოს მომავალში. ინვესტიციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ყველაფერი, ნებისმიერი საქმე, რომელიც ქვეყანაში კეთდება, მოითხოვს გარკვეული რესურსების ჩადებას და ვინმე თუ ამაზე იტყვის, რომ ჩვენ ქვეყანაში რესურსები არ არსებობს, რა შეიძლება, საქართველოსთვის იმაზე დიდი პრიორიტეტი იყოს, ვიდრე მისი მოსახლეობის გამრავლება? სახელმწიფო თუ არსებობს, კონკრეტულად უნდა არსებობდეს კონკრეტული ადამიანებისთვის. თან, განსაკუთრებით, ლიბერალებს უყვართ თქმა, ადამიანის უფლებაა მთავარიო და ისინი ამ ნაწილში თუ ვერ თმობენ სახელმწიფოს ინტერესებს და იძახიან, სახელმწიფოს ეს საშუალება არ აქვსო, როგორ არ აქვს?
ამ მიმართულებით ჩადებული ნებისმიერი თანხა, რა თქმა უნდა, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, დამატებითი სამუშაო ადგილები კი არის ზუსტად ის, რაც რეალურად, ქვეყნის ბიუჯეტს ზრდის. რესურსი, რომელიც სახელმწიფოში შემოდის, ზუსტად ამ მიმართულებით უნდა იყოს განაწილებული“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, პარტია „ტრიბუნას“ პრიორიტეტებია სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დარღვეული ბალანსის და სამართლიანობის აღდგენა, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, მიგრაცია და დემოგრაფიის საკითხის მოგვარება, „რა მხრივაც კატასტროფული მდგომარეობაა, პენსიონერთა გათავისუფლება „ლიბერთი ბანკის“ მძიმე ხარკისგან, ყველა კანონზე მაღლა მყოფი ბანკების, მოძალადე ფინანსური ინსტიტუტების საკითხის გადაწყვეტა, სწორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეგიონული მოწყობა, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, რადგან დღეს ყველაფერს თბილისი წყვეტს“ და ა.შ.