დავით ბაქრაძე „ფოტოგრაფების საქმეზე“ - შეიძლება, ეს ჩემი მინუსია, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოხდა ამ ადამიანების დაპატიმრება და ძალიან ვწუხვარ, თუ უდანაშაულო არიან
დავით ბაქრაძე „ფოტოგრაფების საქმეზე“ - შეიძლება, ეს ჩემი მინუსია, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოხდა ამ ადამიანების დაპატიმრება და ძალიან ვწუხვარ, თუ უდანაშაულო არიან

სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გეტყვით საერთოდ, არც მაშინ და არც დღეს მე არ ვიცი, რის საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად ამ საქმის აღძვრა, ამ ადამიანების დაპატიმრება, მე ეს დეტალები არ ვიცი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ფოტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და აღნიშნა: „შეიძლება, ეს ჩემი მინუსია“.

„დეტალები ამ საქმის არ ვიცი და სადაც დეტალები არ ვიცი, ვერ მივცემ თავს უფლებას, ვისაუბრო, თუ რა იყო სიმართლე, რა იდგა მის უკან“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება 2018 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ამ შემთხვევაში, მე ამ ადამიანების ბრალეულობას და არაბრალეულობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ 2018 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ წლების საქმეზე ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის, რადგან სამწუხაროდ, სასამართლო ბოლო წლებში გადაიქცა პოლიტიკური რევანშის ინსტრუმენტად, ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად“.

ამასთან, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არ გაურბის პასუხისმგებლობას.

„რასაც მე ვამბობ, არ ნიშნავს, რომ მე იმ ადამიანებს ვამტყუნებ. არ ვამტყუნებ და შეიძლება, მართლაც უდანაშაულო არიან, ამ საქმის დეტალები არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. ძალიან ვწუხვარ, თუ ესენი უდანაშაულო არიან და ასე მოხდა. ვიმეორებ, რომ ამ ტიპის ყველა შეცდომაზე მე პასუხისმგებლობას ვიღებ და არ გავურბივარ, ძალიან ვწუხვარ ამ ადამიანების წინაშე. მაგრამ 2018 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის იმ ჯაჭვის გაგრძელება, რომლითაც ეს სასამართლო ხელისუფლების ხელში გამოიყენება, როგორც რევანშის ინსტრუმენტი, მათ შორის ისეთ საქმეებზეც კი, რომლებშიც წინა ხელისუფლება შეიძლება, ტყუოდა, სადაც ეს ადამიანები მართალი იყვნენ, ოღონდ დღეს სასამართლო არის ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.