დავით ბაქრაძე - ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების“ დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად
დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების“ დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად და დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უზენაესი სასამართლოს წინ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის შესახებ ხუთპუნქტიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მრავალფეროვანი ოპოზიციის პირობებში მოსახლეობას ექნება კარგი არჩევანი, განსხვავებული პროგრამების არჩევანი.
„მაგრამ ჩვენი სურვილია, ოპოზიციას აერთიანებდეს არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ გვინდა პროპორციული სისტემა და აღარ გვინდა „ქართული ოცნება“, არამედ უნდა აერთიანებდეს ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხები. სასამართლო დღეს ამ ქვეყანაში არის ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლოში არის უმძიმესი მდგომარეობა, სასამართლოს არ აქვს საზოგადოების ნდობა და გადაიქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების მოგების შემდეგ მოხდება სასამართლოს რეფორმირება და გათავისუფლება. ამაში რომ ეჭვი არავის ეპარებოდეს, ამიტომ არის სწორედ მოფიქრებული ის საგანგებო ზომა, რომელიც გულისხმობს უცხოელი მოსამართლეების ჩართულობასა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების აღიარებას“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, დღეს გაფორმებული მემორანდუმი ძალიან სწორი და კარგი განაცხადია ოპოზიციის მხრიდან.
„განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების მოგება გვინდა, ჩვენ გვინდა არჩევნების მოგება, როგორც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ვითარება, იყოს თავისუფალი სასამართლო, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობა ცხოვრობდეს უკეთესად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.