დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის სამ ავტომობილზე სასამართლო დავა 17 აპრილს განახლდება
დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო 17 აპრილს იმსჯელებს.
მხარეებს შორის სადავოა სამი ავტომობილი, რომელიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი. ესენია: ,,მერსედეს კიელი“, პორშე კაიანია და „ბეემვე იქს 5″.
ამასთან, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც დავით-ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალადობის ფაქტს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ აღიარებს, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა.
რაც შეეხება ქონებრივ დავას, ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებს.
როგორც ლევან ჩხეიძე ამბობს, დავით ბაგრატიონი ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
,,ბუნებრივია, მისი წასვლა ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება. ანას საქციელმა გამოიწვია დედამთილის გულის შეტევა და შვილი დედის სანახავად გაფრინდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ახლა შედარებით გაუმჯობესდა. ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყების კიბეებზე ასვლას”, – აცხადებს ადვოკატი.