დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე თბილისის პოლიციის სამმართველოში ანა ბაგრატიონ გრუზინსკის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ცემას ეხება.

ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას გააჩნია ის ინფორმაცია, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან მიიღო და, რომელიც ცემის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

„ეს რომ პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდნენ, მაგრამ ხუთი აპრილი ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის დაბარება საქმეზე მოწმედ, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია და ჩემგან უნდა რამე ინფორმაცია ამოიღოს. პირადად მე იმაზე, რაზეც ქალბატონი ანა საუბრობდა, არაფრის მომსწრე და მნახველი არ ვარ. ის ინფორმაცია, რასაც ვფლობ, ვიცი დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონიშვილისგან, როგორც მისმა ადვოკატმა. ის უარყოფს ყველანაირ გავრცელებულ ბრალდებას და ვიცი მისგან, რომ ეს არის ცილისწამება“, –  განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციას, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ამ დასკვნით ვერ დგინდება, სად და ვისგან იყო ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ნაცემი.

კითხვაზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა ადვოკატი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვას, ჩხეიძე აცხადებს, რომ ის გამოიყენებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

„ის გამოიყენებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არ მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და შეინარჩუნოს დუმილის უფლება. ეუბნებიან, რომ შენ ჩაიდინე ეს ქმედებაო და არ არის ვალდებული, ამ საკითხთან დაკავშირებით მისცეს ჩვენება. მისი საქართველოში დაბრუნება დამოკიდებულია დედის გამოჯანმრთელებაზე. ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ საკითხს, რომ დაბრუნდეს”, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ.

თავსი მხრივ, როგორც ლევან ჩხეიძის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, ადვოკატის დაბარების ფაქტი უნდა იყოს გამონაკლის შემთხვევაში, ვინაიდან ადვოკატი საქმეში არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოწმე.

„ადვოკატი საქმეში არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოწმე. მას ინფორმაცია გააჩნია თავისი დაცვის ქვეშ მყოფისგან და კანონი იცავს ადვოკატს მის მიერ მიცემული ინფორმაციის გამჟღავნებისგან. ჩვენთვისაც საინტერესოა, რატომ მოხდა ლევან ჩხეიძის დაბარება”, – განაცხადა ადვოკატმა, კახა წერეთელმა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.