ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა
ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედამ იმ ბრალდებების შესახებ გაიგო, რასაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აჟღერებს, გულის შეტევა მოუვიდა. ჩხეიძე ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით გაემგზავრა დავით-ბაგრატიონ მუხრანელი საქართველოდან.

ადვოკატის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაზიანებებია აღწერილი, გაყალბებულია.

„მოწინააღმდეგე მხარე სრულიად ბინძური ფორმით იყენებს პატარა გიორგის. ამბობენ, რომ ამ ძალადობას ბავშვი შეესწრო, მაგრამ ესეც სიცრუეა, ისევე როგორც ძალადობა. ისაუბრეს ასევე თავისუფლების აღკვეთაზეც, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე. ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. ეს ქალბატონი შვიდი საათი აძლევდა ჩვენებას და, როგორც იტყვიან, კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან. ბატონ დავითს არაფრის შეშინებია. მან დედამისის ჯანმრთლობის გამო გუშინ დატოვა ქვეყანა.

აქვე მინდა გითხრათ სამხარაულის დასკვნაზე, სადაც წერია დაზიანებებზე. სამწუხაროდ, ეს ბიურო ძალიან ცუდად ეჩხირება ამ დავაში. დამიკავშირდა ანონიმური წყარო და მითხრა, რომ ქალბატონი მაცაცო მგელაძე ბიუროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და სწორედ ამ ქალბატონის მეშვეობით ყალბდება დასკვნა. ქალბატონი მერამდენედ ეჩხირება ამ დავაში ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. მოვუწოდებ ბიუროს, გააკეთოს ამის შესახებ განმარტება“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც ლევან ჩხეიძემ აღნიშნა, მან გამომძიებლებს შესთავაზა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სახლში ეწვიონ და კითხვებს იქ უპასუხებს.

„სცენარს, თუ როგორ შედის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის სამმართველოში, ვერავინ ნახავს. მსგავსი რამ არ იქნება. თუ მას დაიბარებენ დაკითხვაზე, ჩვენ ამას შევაფასებთ როგორც პოლიტიკური დევნა ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.