დავით არახამია - დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.
„საქართველოს პრორუსული ხელისუფლება აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს“, – წერს არახამია.
არახამია სოციალურ ქსელში სამ პუნქტს ასახელებს, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„1. ციხიდან გათავისუფლდეს და დაგვიბრუნდეს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; 2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხიც ითხოვს;
3. შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – წერს არახამია.
საქართველოს მთავრობამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის. „ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.