მამუკა მდინარაძე - არახამიას ერთი მოთხოვნა ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე - საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე არის ბინძური ტყუილი, სხვა კომენტარი მის ულტიმატუმს არ სჭირდება
მამუკა მდინარაძე - არახამიას ერთი მოთხოვნა ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე - საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, მესამე არის ბინძური ტყუილი, სხვა კომენტარი მის ულტიმატუმს არ სჭირდება

დავით არახამიასა და მისი თანამზრახველების დამოკიდებულება ვერასდროს  შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ბინძური ტყუილია, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება.

„ეს ტყუილი დაიწყო საქართველოში და გაგრძელდა მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დავით არახამიაც ამ ტყუილის თანამონაწილეა. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ერთ მინიმალურ თემასთან დაკავშირებითაც კი დაამტკიცებდა, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასევე, არახამიამ მოითხოვა ფრენების შეწყვეტა რუსეთთან. არავინ ეკითხება არახამიას, ფრენებს შეწყვეტს თუ არა საქართველო და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან. ვიცით, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, მან მოითხოვა, რომ ეს ადამიანები ისევე ტანჯვით უნდა დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან, როგორც აკეთებდნენ იქამდე, ვიდრე ფრენები აღდგებოდა. ფრენები არის ძალიან კარგი, რადგან ეს ძალიან ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება, ასევე ტურისტების ჩამოსვლას ეხმარება. მათ რომ სანქციების დაწესება უნდათ, ავიამიმოსვლის შეჩერება და ავიამიმოსვლის განადგურება, ეს ახალი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დავით არახამიამ მოითხოვა უსასტიკესი სისტემის შემქმნელი, კრიმინალი სააკაშვილის, თავისი მასწავლებლის, იდეური მოძღვრის გათავისუფლება, ეს არ არის სწორი ფორმა, როგორ უნდა ელაპარაკო მეგობარ სახელმწიფოს.

„მათ გადმოგვცეს, თავიანთი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. მათი ინფორმაცია იყო, რომ ის იმყოფებოდა თითქოს სასტუმროს ნომერში. არ მოგვიფიქრებია, არ მოგვლანდებია ეს ამბავი. მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთ მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ძალიან ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს; მეორე მოთხოვნა – საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას; მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები. არახამიას ასეთ დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ მტრობას ნიშნავს ამ ქვეყნისას. მისი და მისი თანამზრახველების ასეთი დამოკიდებულება ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას, როგორც ეს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის გუშინდელ განცხადებაში იყო ნათქვამი“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.